25 ივნისი 2026,   11:09
ვრცლად
რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის იმდენი, რამდენიც არასდროს გაგვიკეთებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ მომავლისთვის - შოლცი

რუსეთის აგრესია უკრაინაში - ეს საკითხი განიხილეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც. სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი.

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიაში აცნობიერებენ, რომ რუსეთის გამარჯვება იქნება არა მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის არსებობის დასასრული, არამედ - ევროპაში მშვიდობის განადგურებაც.

"რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები სანდო უნდა იყოს. ამასთან ერთად, ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, ყველა ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას, შეთანხმდა, რომ ჩვენ არ გავგზავნით სამხედროებს უკრაინაში, თუმცა, ამასთან ერთად, პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ნატო-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის კი აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ნატო-ს ფარგლებში.

მე, ალბათ, არაფერს ახალს არ ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დააბანდებს სამხედრო ხარჯებში წელს და ყოველ მომდევო წელსაც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის იმდენი, რამდენიც არასდროს გაგვიკეთებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ მომავლისთვის.

ვსაუბრობთ ყველაზე დიდ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს კონტინენტს ემუქრება და ეს არის ომი ევროპაში, რასაც თან მოსდევს შედეგები გლობალურად.

ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით სანდო და დავეხმარებით უკრაინას, პუტინი გაიგებს, რომ მოსკოვის ნაკარნახევი მშვიდობა არასდროს იქნება, რადგანაც ჩვენ ამას არ დავუშვებთ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

რაც შეეხება ზელენსკის ვიზიტს ევროპაში, ის ბოლოს მიუნხენის კონფერენციას ორი წლის წინ დაესწრო, იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ისევ დახმარებისკენ მოუწოდებს.

"კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო რუსეთს ასე მოქცევის უფლებას? მთავარი კითხვა დღეს სწორედ ეს არის. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს სამყარო რუსეთისთვის ხელსაყრელ დღის წესრიგში ცხოვრებას, მით უფრო მასშტაბურ და საშიშ ცვლილებებს მივიღებთ. შესაძლოა, ადამიანებს მოუხდეთ ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც ნებისმიერი ლოკალური ომი შესაძლოა გლობალურ კატასტროფად იქცეს. ახლა სამყაროში დემოკრატიის შესუსტება ძირს გამოუთხრის დასავლურ პოლიტიკურ სისტემას, არა მარტო ევროპაში - ამერიკაშიც და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები