ომის 305-ე დღე უკრაინაში - შობის დღესასწაული აფეთქებების ფონზე გათენდა. რუსეთის არმია განაგრძობს საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმებს. საოკუპაციო ძალებმა ღამით დონეცკის ოლქი დაბომბეს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ფრონტის ხაზის მთავარ მიმართულებებას ისევ ბახმუტი, ლიმანი და ავდეევკა რჩება, სადაც რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება.
"გასული დღის განმავლობაში მტერმა 100-მდე სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, ხერსონში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა მშდიბიან მოქალაქეებში, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა იერიშები დასახლებებზე მიიტანეს.
ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტისა და ავდივას რაიონებში შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. მტერი კუპიანის მიმართულებით ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას არ წყვეტს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს მტრის იერიშები. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა თვითმფრინავებმა იერიშები მიიტანეს 4 ადგილზე, სადაც დამპყრობლები იყვნენ კონცენტრირებული.
მტერი განიცდის დანაკარგებს როგორც ტექნიკის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით," აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.