სახელისუფლებო გუნდი ტყუილში "ასავალ-დასავალს" ადანაშაულებს. საუბარია გაზეთის რედაქტორის განცხადებაზე, რომელიც ფულის გათეთრებაში მხილებული ღარიბაშვილის გათეთრებას, ამჯერად, დავით გარეჯის საკითხით ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, სიყალბეა ლაშა ნადარეიშვილის განცხადება, თითქოს გარეჯის სადავო ტერიტორიების რუკები საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოიტანა. "ქართული ოცნებიდან" "ასავალ-დასავალს" და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაში მხილებულ ღარიბაშვილს შეახსენეს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი, 1938 წლის ორიგინალი რუკების მოძიება და სამშობლოში ჩამოტანა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, დავით ხიდაშელმა შეძლო.
სად და როგორ მოიძია საარქივო მასალა ბიზნესმენმა? - დავით ხიდაშელმა ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, დეტალურად ჯერ კიდევ 2020 წელს ისაუბრა.
ამ რეალობის მიუხედავად, "ასავალ-დასავალის" რედაქტორმა ღარიბაშვილის პოზიციების გამყარება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით მაინც სცადა და კორუფციაში მხილებულს მხარდაჭერა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ეს განცხადება მმართველი გუნდისთვის, მორიგი დასტურია, რომ "ასავალ-დასავალი," ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დეზინფორმაციულ კამპანიას უკვე რამდენიმე თვეა მსჯავრდებულის პოლიტიკური რეაბილიტაციის მიზნით აწარმოებს - იყენებს ყველა ბერკეტს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და არ ერიდება ტრაგედიით მანიპულირებასაც - სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასატანად.
სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ცილისმწამებლურ კამპანიაში დიდი როლი ჰქონდა ოპოზიციასაც, რომელიც შეთქმულების თეორიებს, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, კოორდინირებულად ავრცელებდა. ციხის გზავნილების გაზიარების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებმა საგამოძიებო უწყებას ვერაფერი უთხრეს ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე და ვერც დღეს პასუხობენ კითხვებს "ასავალ-დასავალთან" დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილის მიზანი - მოხდეს მისი ყოფილი გუნდის დისკრედიტაცია - "ქართული ოცნებისთვის" უკვე ცნობილია, თუმცა მმართველი ძალისთვის მიუღებელი თავად ის სტრატეგიაა, რომელიც ციხეში მყოფმა ღარიბაშვილმა დანაშაულის გადასაფარად აირჩია. უმრავლესობიდან მსჯავრდებულს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ, პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, სამართლებრივ საკითხს სამართლებრივი პასუხი უნდა გასცეს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით, ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუ დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა. აუდიოვერსიით ირკვევა, რომ ჯორბენაძე საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას და დოკუმენტაციას გარეჯთან დაკავშირებით.