10 სექტემბერი 2026,   11:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის პასუხი ევროკავშირს - პარლამენტის სპიკერი ევრობიუროკრატიას უსამართლო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე ლიეტუველი პოლიტიკოსის გამოსვლა, პარლამენტის სპიკერის მხრიდან ევრობიუროკრატიის მორიგი მწვავე კრიტიკის წინაპირობა გახდა. საუბარია სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე, სადაც ლიეტუვის წარმომადგენელმა, ევროკავშირის სახელით, საქართველო გამჭვირვალობის კანონმდებლობისა და ძალადობრივი აქციების მონაწილეების დაკავების გამო გააკრიტიკა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოფიციალური ბრიუსელი და ევროგაერთიანების მესვეურები, ამ ფორმით, საქართველოს მიმართ უსამართლო პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ, რაც ქვეყანაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებას იწვევს და, ამავდროულად, თავად გაერთიანების სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აუშრა სემაშკიენმა, ევროკავშირის სახელით, ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს შემაშფოთებელი, ძალადობრივი აქციების მონაწილეთა დაკავებას კი თვითნებობა უწოდა. სესიაზე ლიეტუველ სპიკერს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა უპასუხა. რევაზ ლომინაძემ საქართველოს წინააღმდეგ არასწორი ნარატივის გავრცელებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ქვეყანას დემოკრატიული პრინციპებიდან არასდროს გადაუხვევია.

ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლების ძალადობრივი აქციები კიდევ ერთხელ შეახსენა. თქვა, რომ შტურმი პარლამენტსა თუ პრეზიდენტის სასახლეზე, ხშირ შემთხვევაში, იმ ორგანიზაციების დაფინანსებული იყო, რომელიც დონაციას ევროკავშირში მოქმედი ფონდებიდან იღებდნენ, თუმცა ამ დრომდე ბოდიში არავის მოუხდია. პაპუაშვილის აზრით, ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების შეცვლის არაკანონიერმა გეგმამ არ იმუშავა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა დაიწყოს.

კრიტიკას გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შესახებ ლოგიკურს უწოდებს ქართული ოპოზიცია, თუმცა, ვერ განმარტავენ, კონკრეტულად რომელ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმასთან მოდის მოქმედი რეგულაციები წინააღმდეგობაში.

ოპოზიციას იმ დესტრუქციული გეგმების მთავარ შემსრულებლად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დემოკრატიის საფარქვეშ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ყველა მცდელობა ჩავარდა. სწორედ ამიტომ, დროა ევროგაერთიანება ნამდვილ ევროპულ პრინციპებს დაუბრუნდეს და საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს.

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, დებატები 8 სექტემბერს, უმაღლესი კომისრის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით გაიმართა.

დღის ამბები