პოლიციამ პარტია Reform UK-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გადაწყვეტილება Channel 4-ის ფარულ გამოძიებას მოჰყვა, რომელიც უკანონო უცხოურ შემოწირულობებს ეხება.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, გამოვლინდა სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც გამოძიებას საჭიროებს. რეპორტაჟში, სავარაუდოდ, ჩანს, თუ როგორ განიხილავდნენ Reform UK-ის მაღალჩინოსნები უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოწირულობების დაფარვის გზებს.
გავრცელებული ცნობებით, პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი და სხვა პირები ამერიკელი ბიზნესმენისგან 500,000 ფუნტის მიღებაზე მსჯელობენ. თანხის გადარიცხვა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბიზნესმენის შვილის შუამავლობით იგეგმებოდა.
დიდ ბრიტანეთში უცხოური პოლიტიკური შემოწირულობები აკრძალულია. აღნიშნული შემოწირულობა არ განხორციელებულა.
სკოტლანდ იარდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, Channel 4 News-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, პოლიციამ რამდენიმე შეტყობინება მიიღო. ეს შეტყობინებები ეხებოდა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. დეტექტივებმა მოწოდებული ინფორმაცია შეაფასეს. მათ დაადგინეს, რომ არსებობს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რომლებიც გამოძიებას საჭიროებს. ეს სავარაუდო დანაშაულები თავისი შინაარსით ჰგავს იმ საკითხებს, რომლებსაც სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ამავე პარტიის შემოწირულობებთან დაკავშირებით უკვე იძიებს. შესაბამისად, ახალი გარემოებები მიმდინარე გამოძიებას დაემატება".
პოლიციამ ასევე აღნიშნა, რომ სიუჟეტთან დაკავშირებული დამატებითი ვიდეომასალის მოპოვებას ცდილობს. ჟურნალისტურ გამოძიებაზე მომუშავე ჯგუფ Verbatim-ს აქვს მრავალსაათიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც Channel 4-ის რეპორტაჟში არ მოხვედრილა.
პარტიის წარმომადგენლის თქმით, Reform UK მეტროპოლიტენის პოლიციასთან სრულად ითანამშრომლებს.
განცხადებაში სპიკერმა აღნიშნა: "Reform UK ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს მასთან სრულად ითანამშრომლებს. დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ".
გასულ კვირას Channel 4-მა იურისტ ბობ პოსნერის ციტატა გაავრცელა - ის საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელია. პოსნერის თქმით, შესაძლოა, "სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულები" იყოს ჩადენილი.
Verbatim-ის მტკიცებით, Reform UK-ის მაღალჩინოსნებმა 32,500 ფუნტის დაფინანსება მიიღეს. ეს თანხა პარტიის მიერ დაკვეთილ სამ საზოგადოებრივ გამოკითხვას მოხმარდა.
გამოკითხვის შედეგები გაზეთებში გამოქვეყნდა. თუმცა გამომძიებლები აცხადებენ, რომ პარტიას საზოგადოებისთვის არ უცნობებია გამოკითხვების დაკვეთისა და მათი დაფინანსების წყაროს შესახებ.
გასულ კვირას Reform UK-მა განაცხადა, რომ ის "თაღლითური სქემის სამიზნე" გახდა და ბრალდებები უარყო.
მეტროპოლიტენის პოლიციის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე მოხდა. საქმე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე Reform UK-ისთვის გაღებულ შემოწირულობებს ეხებოდა. მის ფარგლებში, ორი პირი გამოიკითხა.
ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერ არავინ დაუკავებიათ და არც არავინ გამოუკითხავთ.
ყველა სავარაუდო დარღვევა ეხება დანაშაულებს, რომლებიც 2000 წლის "პოლიტიკური პარტიების, არჩევნებისა და რეფერენდუმების შესახებ" აქტით ისჯება.
გამოძიების პარალელურად, სამართალდამცველები საარჩევნო კომისიასთან და სამეფო პროკურატურასთან თანამშრომლობენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე