ურთიერთბრალდებები და შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში არ უკვირთ უმრავლესობაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და გვარამიას პარტიას შორის დაპირისპირება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის შემოდინებას.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურთან თანხების მისაღებად გააგზავნა, თუმცა, წილოსანის შეფასებით, მიღებული ფინანსური რესურსი "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად, გვარამიას პარტიის ინტერესებს მოხმარდა.
"ასე წარმომედგინა რადიკალების დასასრული მას შემდეგ, რაც მათ სრულად დაკარგეს ამომრჩევლის მხარდაჭერა და რესურსი მას შემდეგ, რაც მათ სრულად გამოეცალათ სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივად გაშიშვლდა ის დანაშაულებები და ბოროტმოქმედება, რომელიც მათ ხელისუფლების დროს და უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროსაც განხორციელებული აქვთ.
ახლა ისინი გადავიდნენ ერთმანეთის გამოაშკარავებაზე. ფაქტია, რომ სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გააგზავნა გილაურთან იმისთვის, რომ თანხები მიეღო და "ნაცმოძრაობის" ინტერესებისთვის მოეხმარა, თუმცა როგორც ჩანს, მიღებული თანხებით ნიკა გვარამიამ მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა. ზუსტად ამას აძახებს ანა წითლიძე, რომ გილაურთან გაგზავნილი ნიკა გვარამია აღმოჩნდა, რომ საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის მოიპოვებდა დაფინანსებას გილაურის მხრიდან", - აცხადებს ნინო წილოსანი.