საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყება, 2026 წლის 14-18 სექტემბერს თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. კონფერენცია მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და თანამედროვე გამოწვევებზე გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა და მასში 55 ქვეყნის 90-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის მთავარი გზავნილია – „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age). ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
კონფერენციის ფარგლებში, მომხმარებელთა დაცვის სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
15-17 სექტემბერს გაიმართება დაგეგმილი პროგრამის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და დახურულ სამუშაო სესიებს. მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წარმოშობილ რისკებს, ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას საზიანო ონლაინ კომერციული პრაქტიკისგან, ე.წ. „ბნელ პატერნებს“, ინფლუენსერ-მარკეტინგს, ციფრულ გამჭვირვალობასა და მომხმარებელთა ნდობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე მომხმარებელთა დაცვის უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, უწყებათაშორის თანამშრომლობას, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებელთა დაცვის სფეროში ინოვაციური ინიციატივების დაჯილდოება. კერძოდ, მსოფლიო ბანკი და ICPEN, მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა დაცვის სფეროში განხორციელებულ ინოვაციურ და ეფექტიან ინიციატივებს გამოარჩევენ და ჯილდოს გადასცემენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის ICPEN-ის პრეზიდენტობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში თანამედროვე მიდგომების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
GCCA-ის თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მისი განმტკიცებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს.
„ჩვენი უწყებისთვის დიდი პატივია ICPEN-ის ხელმღვანელობა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ მეტად სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში ICPEN-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის გაძლიერებას.
ICPEN 1992 წელს დაარსებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აერთიანებს. ქსელის მთავარი მიზანია მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
თბილისში დაგეგმილი პროგრამა 14 სექტემბერს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სტუმრების მისასალმებელი მიღებითა და არაფორმალური შეხვედრით დაიწყება. 15-17 სექტემბერს გაიმართება კონფერენციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც გახსნიან GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე.