სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიის შემდეგ, ოპოზიცია შიდა დაპირისპირების შესახებ განმარტებებს პირდაპირ ეთერში აკეთებს. მთავარი ბრალდება 40-მილიონიან გარიგებებსა და ნიკა გილაურს უკავშირდება.
ანა წითლიძე ნიკა გვარამიას მხრიდან საკითხის "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებას ტყუილს უწოდებს და შუამავლის დასახელებას ისევ უშედეგოდ ითხოვს. დაპირისპირებაში ჩართული არიან ყოფილი "გირჩებიც". "თავისუფალი ხალხის" პარტიამ სახელის შეცვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს ასოცირდებოდეს ოპოზიციასთან, რომელმაც პარტნიორები მილიონებში გაცვალა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით კი, 2024 წლის არჩევნებში ნიკა გილაურის ჩართვით ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", იყვნენ დაინტერესებული. მისი თქმით, გილაურის კოალიციაში შემოყვანამ ოპოზიციური ჯგუფების გაღიზიანება გამოიწვია და სწორედ ამას უკავშირდება მის წინააღმდეგ გავრცელებული ჭორები და ბრალდებები.
"ნიკა გილაურის 2024 წლის არჩევნებით დაინტერესებას, ფაქტობრივად ოპოზიციაში ყველა ცდილობდა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც", პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა სწორედ რომ ნიკა გილაური დაეინტერესებინათ და როგორმე შემოეყვანათ პოლიტიკურ პროცესში და მათ შორის, ფინანსური სახსრებიც მიეღოთ, ბუნებრივია. ეს გამოუვიდა ჩვენს კოალიციას და ამის გამო ხდება ეს გაღიზიანება. ჭორი და ტყუილი დაიგეგმა "გირჩიდან", იაგოს "გირჩიდან" და აყვნენ სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, რაც არის უკვე სამარცხვინო", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ჩაჩანიძე.