10 სექტემბერი 2026,   13:50
ვრცლად
აშშ-ს და ევროკავშირს თუ ერთმანეთთან ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს ტრანსატლანტიკური კავშირი ამას გაუძლებს და გადალახავს - ბერდია სიჭინავა

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ.
გაფართოების საკითხებში კომისარი ირწმუნება, რომ ტრამპის ორგანიზაცია ცდილობს ევროპელები დაარწმუნონ, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპაში ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატია რეალობას აცდენილია და დიპლომატიური ჩარჩოებიდან არის გასული.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულ გამოწვევებს ტრანსატლანტიკური კავშირი გაუძლებს და წარმატებით გადალახავს.
მისი თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს და საკითხის ისე დაყენება, თითქოს არჩევანი ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის უნდა გაკეთდეს, არასწორია.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს თუ ერთმანეთთან ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები აქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანსატლანტიკური კავშირი ამას გაუძლებს, გადალახავს და არანაირი წინაპირობა, წინაღობა კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არ იქნება აშშ ან აშშ-სთან რაიმე ფორმით ურთიერთობა. საკითხის ისე დაყენება, თითქოს ან ევროკავშირი, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

დღის ამბები