11 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
"გირჩთან" "ნაციონალური მოძრაობის" დაკავშირება სასაცილოც აღარ არის. ეს გვარამიას ძალიან სუსტი პასუხია 40 მილიონთან და გილაურთან დაკავშირებით, რომელსაც ვერაფრით ამართლებს. გვარამია იტყუება - ანა წითლიძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიის შემდეგ, ოპოზიცია შიდა დაპირისპირების შესახებ განმარტებებს პირდაპირ ეთერში აკეთებს. მთავარი ბრალდება 40-მილიონიან გარიგებებსა და ნიკა გილაურს უკავშირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, "გირჩის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირება გვარამიას მიერ 40-მილიონიან გარიგებასთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვის მცდელობაა. მისივე თქმით, გვარამიამ საჯაროდ უნდა დაასახელოს ის პირი, რომელიც, მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" იყო ჩართული პროცესში.

"გირჩთან" რაღაც "ნაციონალური მოძრაობის" დაკავშირება ახლა სასაცილოც აღარ არის. ეს არის გვარამიას ძალიან სუსტი პასუხი იმ 40 მილიონთან და გილაურთან დაკავშირებით, რომელსაც ვერაფრით ვერ ამართლებს. გვარამია იტყუება და ამბობს ტყუილს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ასე ახსენებს ამ ადამიანს, ან არ ყოფნის გამბედაობა, რომ ეს ადამიანი დაასახელოს. ორივე შემთხვევაში გვარამია გამოიყურება ძალიან სუსტად. ამიტომაც მე ვთხოვ, რომ საჯაროდ ადგეს და დაასახელოს ვინ არის ის ადამიანი "ნაციონალური მოძრაობიდან". ახლა მიშა თვითონ უპასუხებს, მე დაახლოებით წარმომიდგენია ვისზე შეიძლება, მაგრამ არ ვიტყვი მე ახლა ამ ადამიანის სახელს და გვარს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გვარამიას მხრიდან მისთვის "ნაცობის" დაბრალება 40-მილიონიან გარიგებასთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვას ემსახურება. 

"გვარამია მე რომ "ნაცობას" მაბრალებს, აი ამის ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს სხვა რამე გარდა იმისა, რომ ამ სისულელით უნდა გადაფაროს ის სკანდალი, რომელიც არა მხოლოდ უკვე ჩვენს მიერ არის პრეზენტირებული, არამედ პრეზენტირებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ. საიდან 40 მილიონი? ვინ მოიტანა ფული? იმიტომ, რომ გილაურმა თუ მოიტანა ფული, მაშინ დასაჭერია გილაური", - აცხადებს "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები