საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.