11 სექტემბერი 2026,   18:53
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

"მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში - საკუთარ სამშობლოში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დიასპორის ისტორია, გარკვეული თვალსაზრისით, თავად საქართველოს ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა გარემოება - ომი და ოკუპაცია, ეკონომიკური სირთულეები, განათლებისა და პროფესიული განვითარების სურვილი - ქართველებს ხშირად აიძულებდა ან უბიძგებდა სამშობლოს გარეთ ცხოვრებისკენ. მაგრამ ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიას ერთი მნიშვნელოვანი რამ გასდევს თან: ქართველისთვის საქართველოდან წასვლა არასოდეს ნიშნავდა საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას.

"სხვადასხვა ეპოქაში სწორედ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ინახავდნენ ქართულ სიტყვას, კულტურას, ისტორიულ მეხსიერებას და საქართველოს თავისუფლების იდეას. ისინი ქმნიდნენ ქართულ სათვისტომოებს, ეკლესიებს, სკოლებს, კულტურულ და სამეცნიერო კერებს. ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც თვით საქართველოში ეროვნული თავისუფლებისთვის სივრცე უკიდურესად შეზღუდული იყო. ამიტომ დიასპორა მხოლოდ ჩვენი ისტორიის შედეგი არ არის. ის საქართველოს ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღეს მსოფლიოში ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებების სრულფასოვანი წევრები არიან - მუშაობენ, სწავლობენ, ქმნიან ოჯახებს, წარმატებას აღწევენ მეცნიერებაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, სპორტში და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სხვა სფეროში. მათი თითოეული წარმატება საქართველოს წარმატებაცაა.

მაგრამ დიასპორის მნიშვნელობა მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების მიღწევებით არ იზომება. მის უკან დგას უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომა, პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის წინაშე და მუდმივი კავშირი სამშობლოსთან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები უცხოეთიდან ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. განსაკუთრებით მძიმე წლებში ეს მხარდაჭერა ათასობით ოჯახისთვის სოციალური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

"დღეს კი ქართული დიასპორის ეკონომიკური შესაძლებლობა თანდათან უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს - ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული კავშირების, ინვესტიციებისა და ახალი შესაძლებლობების სახით.

სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდეს.

საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ კავშირი დიასპორასთან, არამედ დიასპორის უფრო აქტიური მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ გვჭირდება ქართველი მეცნიერი, რომელიც თავის ცოდნას ქართულ უნივერსიტეტს გაუზიარებს; ქართველი მეწარმე, რომელიც საქართველოში ახალ შესაძლებლობას დაინახავს; ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას მოახმარს; ხელოვანი, რომელიც ქართულ კულტურას ახალ აუდიტორიას გააცნობს; თითოეული ჩვენი თანამემამულე, რომელსაც შეუძლია საქართველოს შესახებ სიმართლე უთხრას იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით, დიასპორა საქართველოსთვის განსაკუთრებული ძალაა.

თქვენ ყოველდღიურად ხართ საქართველოს წარმომადგენლები იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობთ. ხშირად უცხოელს საქართველოზე პირველი წარმოდგენა სწორედ ქართველთან შეხვედრისას უყალიბდება. ამიტომ თითოეული თქვენგანი, ფორმალური სტატუსის მიუხედავად, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ელჩიც არის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო შესაძლებლობები მხოლოდ მისი ტერიტორიის ზომითა და მოსახლეობის რაოდენობით აღარ განისაზღვრება. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის ძალას განსაზღვრავს ისიც, რამდენად ფართოა მისი ადამიანური, კულტურული, ეკონომიკური და ინტელექტუალური ქსელი მსოფლიოში. ქართული დიასპორა სწორედ ასეთი ქსელია. ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საქართველოსთან კავშირი თაობიდან თაობას გადაეცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდები - ის ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე უცხოეთში დაიბადნენ და ვისთვისაც საქართველო შესაძლოა ყოველდღიური გარემო აღარ იყოს.

"მათ უნდა იცოდნენ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და კულტურა. უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნონ საკუთარი ქვეყანა, დაამყარონ კავშირები თანატოლებთან და იგრძნონ, რომ საქართველო მათთვის მხოლოდ მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების სამშობლო კი არა, მათი სამშობლოცაა.
ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა.

საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. საქართველო არის ენა, ისტორიული მეხსიერება, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური კავშირები, ტრადიციები და ის განსაკუთრებული განცდა, რომელიც ადამიანს საკუთარ ქვეყანასთან აკავშირებს, რამდენი ათასი კილომეტრიც არ უნდა აშორებდეს მას.

ამ კავშირის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მომავლისთვისაც.

ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები და თანამემამულეები უკავშირდებიან არა მხოლოდ წარსულით, არამედ საკუთარი მომავლითაც.

გვინდა ქვეყანა, სადაც დაბრუნება ღირს; სადაც უცხოეთში მიღებული ცოდნის გამოყენება შეიძლება; სადაც ბიზნესის დაწყება, ოჯახის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შესაძლებელია.

ბოლო წლების ეკონომიკური განვითარება და საქართველოს შესაძლებლობების ზრდა თანდათან უფრო რეალურს ხდის იმასაც, რომ ემიგრაციის მრავალწლიანი ისტორიის პარალელურად გაძლიერდეს დაბრუნების პროცესიც.

ჩვენი საბოლოო მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს - საქართველოს გაძლიერებასთან ერთად სულ უფრო მეტ ქართველს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი საქართველოში დაინახოს.

ძვირფასო თანამემამულეებო, შესაძლებელია იცხოვრო პარიზში, რომში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ათენში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში და ამავე დროს დარჩე საქართველოს ეროვნული ცხოვრების ნაწილად. მანძილი სამშობლოსთან კავშირს არ აუქმებს. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს, ერთი კულტურული მემკვიდრეობა, ერთი სახელმწიფო და ერთი საერთო პასუხისმგებლობა მისი მომავლის წინაშე.
საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო.

სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე, უფრო პრაქტიკული და უფრო შედეგიანი გახადოს.

მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ სადაც უნდა ცხოვრობდეთ, ინარჩუნებთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას, საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოსთან კავშირს.
მადლობა იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს.

დღის ამბები