17 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისა და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საუბრის დროს მხარეებმა გაიხსენეს მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, ასევე, გასულ წელს მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ ვიზიტებმა ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მათივე ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მოკითხვა გადასცა.

„შეხვედრის დროს მხარეები მიესალმენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტების როლს სხვადასხვა დონეზე ურთიერთობების განვითარებაში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ.

დღის ამბები