17 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
განქორწინება, ეჭვიანობა, თვალთვალი და 25 000 დოლარად დაქირავებული "ქილერი" - ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა

ყოფილი ცოლის მოსაკლავად 25 000 დოლარად დაქირავებული "ქილერი" და ქალის ლიკვიდაციისთვის შემუშავებული გეგმა - რაფი ორუჯოვისთვის კარგი ამბავი ყოფილი ცოლის ლიკვიდაცია უნდა ყოფილიყო. კონსპირაციულ შეხვედრაზე ორუჯოვი მკვლელობას აორგანიზებს.

კადრები პოლიციამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაიღო. რამდენიმეწუთიანი მასალით ირკვევა, რომ მამაკაცი ყოფილი მეუღლის მოსაკლავად "ქილერს" ეძებდა. დავალების შემსრულებლის პოვნაში დახმარება ნაცნობს სთხოვა. ორუჯოვი 40 წლამდე ქალის მკვლელს 25 000 დოლარს დაჰპირდა.

წინასწარ გაწერილი გეგმით, ახალგაზრდა ქალისთვის "ქილერს" იმ დროს უნდა ესროლა, როდესაც მასთან მისი მცირეწლოვანი შვილები არ იქნებოდნენ. ორუჯოვმა დააორგანიზა, რომ მკვლელობის დღეს ბავშვებს თავისთან წაიყვანდა და დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად მკვლელს ხელსაყრელი დრო ექნებოდა.

მძიმე დანაშაულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მალევე გაიგეს, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და მკვლელობის შემკვეთი, მსხვერპლის ყოფილი ქმარი, სამართალდამცველებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაფი ორუჯოვი სოფელ ყარათაკლიაში, ამ სახლში ცხოვრობს. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

ცნობილია, რომ რაფი ორუჯოვმა ყოფილი ცოლის მკვლელობა მასთან განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა.

რაფი ორუჯოვი დანაშაულს უარყოფს.

რაფი ორუჯოვს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაკავების ღონისძიების პარალელურად პოლიციამ მისი სახლიც გაჩხრიკა, საიდანაც სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონია ამოღებული.

ორუჯოვი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა და მის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

დღის ამბები