17 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
საპროტესტო აქციები, პარტიული პასუხისმგებლობა, ძალადობრივი მოწოდებები, სახელმწიფოს დისკრედიტაცია და სანქციების მოთხოვნა - როგორ ჩაიარა კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მე-14 დღემ

სასამართლოს უპატივცემულობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის გამო, გიორგი სიორიძემ, სხდომის თავმჯდომარის მკაცრი გაფრთხილება, მოსარჩელეების პროტესტის საფუძველზე მიიღო. პლენუმი დაინტერესდა, იყო თუ არა "ლელოსთვის" - 2019, 2023 და 2024 წლის აქციები ძალადობრივი ხასიათის? მოპასუხე ჯერ სხვადასხვა ინტერპრეტაციით ცდილობდა მოსამართლეების შეკითხვისთვის თავი აერიდებინა, შემდეგ კი საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან არწმუნებდა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან საკანონმდებლო ორგანოზე მასობრივი თავდასხმა, ან რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველებისთვის პიროტექნიკის უწყვეტად სროლა ძალადობის ცალკეული გამოვლინება იყო.

სასამართლო დაინტერესდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებითაც. უფრო კონკრეტულად, ჰქონდა თუ არა ლელოს, არჩევნების დისკრედიტაცია წინასწარ განზრახული, როდესაც მის მხარდამჭერებს დილით საარჩევნო უბნებზე, საღამოს კი აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა. სიორიძემ ეს ფაქტიც ისევე უარყო, როგორც ძალადობრივი ქმედებებისთვის სხვადასხვა დროს დაკავებული პირების მძიმე დანაშაული. "ლელოს" ლიდერი სასამართლოს წინაშე ირწმუნებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეებს არ იცნობს, მისთვის სამართალდამცველებზე, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდამსხმელი პირები, მაინც უკანონოდ დაკავებულები არიან.

მოპასუხეს შეკითხვა დაუსვეს ტერორიზმის საქმეზე მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილზეც, რომელსაც "ლელო" მისი დაკავების შემდეგ პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებდა. სასამართლოს შეკითხვის საპასუხოდ გიორგი სიორიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღესაც ასე ფიქრობს. უფრო მეტიც, მათთვის ტერორისტული აქტის მცდელობა არ არის ელისაშვილის ქმედება, რომელმაც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქალაქო სასამართლოს არქივის გადაწვა სცადა. კანცელარიის შენობაში კი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, თავს დაესხა მანდატურს და შიდა სივრცეში ბენზინი დაასხა.

მოსარჩელე მხარემ, რომელმაც "ლელოს" ლიდერის განცხადებების გამო პროტესტი დარბაზშივე დააფიქსირა, დარბაზს გარეთაც თქვა, რომ მოპასუხემ, რომელიც საკუთარ პოზიციას ტყუილზე აგებდა, დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აღიარებს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებას, რაც, თავის მხრივ, მათ ანტიკონსტიტუციურობაზე მეტყველებს.

"ლელოს" კითხვა - პასუხის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიკავა, თუმცა ამჯერად ისევ შუამდგომლობისთვის, რომელიც 3 ასპექტს ითვალისწინებდა. რიგით მე-14 სხდომაზე ზაზა ბიბილაშვილისთვის ისევ გაუგებარი აღმოჩნდა, რა კონკრეტული საკითხი მიემართებოდათ პარტიებს და სასამართლოსგან ითხოვდა საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტების განსაზღვრას. "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლის მოთხოვნას, დარბაზშივე მოჰყვა მოსარჩელის პასუხი, რომელმაც შუამდგომლობას სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, პოლიტიკური განცხადება უწოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, პლენუმმა სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, რომ უკვე მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ ტრიბუნა გახარიას პარტიამ დაიკავა. მოსამართლეების ადრესატი ბერდია სიჭინავა იყო, რომელსაც კითხვა დაუსვეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებაზე. მოსამართლეები დაინტერესდნენ, განაპირობა თუ არა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის წარუმატებელმა აქციამ. მას შემდეგ, რაც ბერდია სიჭინავამ ეს კატეგორიულად უარყო, სხდომის თავმჯდომარემ მას მისივე თანაგუნდელის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება ამოუკითხა, და შეახსენა გიორგი შარაშიძის სიტყვებიც, რომელიც ადასტურებდა, რომ პარტია საქართველოსთვის პარლამენტში შესვლის საკითხი სწორედ 4 ოქტომბრის შედეგზე იყო დამოკიდებული.

მოპასუხეს, კითხვა დაუსვეს 2019 წლის 20 ივნისის საქმეზეც,რომელზეც გახარიას ბრალდებულის სტატუსი აქვს. მოსამართლეების შეკითხვის საპასუხოდ, ბერდია სიჭინავა დღესაც ირწმუნებოდა, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. მოპასუხეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დარბაზშივე შეახსენეს მოსამართლეებმა.

რაზე დაყრდნობით ამბობს გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომ გახარიას "რეზინის ტყვიების" გამოყენების ბრძანება არ გაუცია, როდესაც თავად გახარია საწინააღმდეგოს ამბობდა?

კიდევ ერთი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადება - ბერდია სიჭინავამ, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ მოპასუხეები წარსულში გაკეთებულ განცხადებებს უარყოფენ, რადგან რეალურად, სამართლებრივი მტკიცებულებები არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. კანონმდებლების შეფასებით, სწორედ ეს აჩვენა განხილვების მე-14 დღემაც.

ხვალიდან სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადავა. კითხვებს მოპასუხე მხარეს, ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ.

დღის ამბები