ქართული ღვინო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - ამჯერად საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს შანხაი ეცნობა. საერთაშორისო გამოფენაში, "პროვეინ შანხაი," რომელსაც ყოველწლიურად 100 ათასამდე ვიზიტორი ესწრება, საქართველოც მონაწილეობს.
ღონისძიება ქართველ მეღვინეებს საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებისა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.
ჩინეთში საქართველოს ისტორია, კულტურა და ღვინის დაყენების ტრადიციები განსაკუთრებით აინტერესებთ. სწორედ ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, მარკეტინგული კომპანიის "მეიბურგ ვაინ მედიას "ორგანიზებით, უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვევრში ღვინის დაყენების საუკუნოვან ტრადიციას გაცნობოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება მეღვინეებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან მარკეტინგული კამპანიები აქტიურად მიმდინარეობს.