16 ნოემბერი 2026,   21:39
ვრცლად
დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს

რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს. კონფერენცია, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს ითვალისწინებს, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დადებითი დინამიკა წელსაც შენარჩუნდა და, არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში მიმდინარე წლის ეკონომიკური პროგნოზი 7,2 პროცენტამდე გაზარდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც საქართველოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლების გაბედული პოლიტიკური ნაბიჯებისა და გარე საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფომ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოახერხა.

მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების კუთხით დადებითი სტატისტიკა, ტრანსპორტი, პორტები და ავიაცია - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG-ინდექსის პრეზენტაციაც, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები შეფასდა.

პანელურ დისკუსიებში, ბიზნესთან ერთად, მინისტრთა კაბინეტიც მონაწილეობდა. პაატა სალიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს ეკონომიკა მეტად გააძლიეროს.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ შეხვედრაზე ქართული ბიზნესის მდგომარეობა და უახლოესი პერსპექტივები გამოიკვეთა.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია, შედეგზე ორიენტირებული დიალოგია, რათა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

დღის ამბები