16 ნოემბერი 2026,   21:40
ვრცლად
რა მომენტიდან ცდება პოლიტიკური პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და იყო თუ არა ძალადობრივი 2023-2024 წლის აქციები - კონსტიტუციური სარჩელის მორიგ განხილვაზე მოსამართლეთა პლენუმის მთავარი მოპასუხე გვარამია იყო

რა მომენტიდან ცდება პოლიტიკური პროტესტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და იყო თუ არა ძალადობრივი 2023-24 წლის აქციები, როდესაც სამართალდამცველებს დამიზნებით ესროდნენ პიროტექნიკას, ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს? - ამ შეკითხვით გაიხსნა კონსტიტუციური სარჩელის რიგით მე-13 განხილვა, სადაც მოსამართლეთა პლენუმის პირველი ადრესატი ნიკა გვარამია იყო. "ახლების" ლიდერმა პირველივე პასუხში უარყო და გაემიჯნა რეალობას, რომელსაც საზოგადოება ჯერ პირდაპირ ეთერში უყურებდა, შემდეგ კი საგამოძიებო უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა - ძალადობრივი მოქმედებების გამო დააკავა არაერთი პირი, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც, რომელსაც სამართალდამცველებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებოდნენ.

გვარამიამ თავდაპირველად თავი აარიდა, შემდეგ კი უარყო, სასამართლოს მიერ დასმული მორიგი შეკითხვაც, რომელიც 2024 წელს ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ მოლოტოვის კოქტეილებს, რესპირატორებსა თუ სხვა აღჭურვილობას ეხებოდა. "ახლების" ლიდერი სასამართლოს არწმუნებდა, რომ ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა, თუმცა მათი ოფისიდან ამოღებული პიროტექნიკა არსად უნახავს. ნიკა გვარამიას ელენე ხოშტარიასთან გამიჯვნის პირველი მცდელობა მას შემდეგ ჰქონდა, რაც მოსამართლე ევა გოცირიძემ ხოშტარიას განცხადება წაუკითხა, სადაც აღიარებს, რომ აღჭურვილობა ჰქონდათ და ორგანიზატორებიც თავად იყვნენ.

გვარამიას პასუხის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ "ახლების" ლიდერს სიტყვა-სიტყვით ამოუკითხა ელენე ხოშტარიას განცხადება, სადაც ადასტურებს იმასაც, რომ აღჭურვილობა პოლიციაზე თავდასხმისთვის სჭირდებოდათ. უფრო მეტიც - იყვნენ პროცესის ორგანიზატორებიც. ეს კი "ახლების" ლიდერისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხოშტარიას ღიად გამიჯვნოდა და კოალიციაში წითელი ხაზებიც გაევლო.

მოსამართლეები დაინტერესდნენ გვარამიას პოზიციით 4 ოქტომბრის მოვლენებთან და პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტურმთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ "ახლების" ლიდერს ამჯერადაც ამოუკითხეს თანაგუნდელის, ელენე ხოშტარიას განცხადება, სადაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა, გვარამია ირწმუნებოდა, რომ პარტიას ეს მიზანი არ ჰქონია. აღიარა ისიც, რომ აქცია თავდაპირველად ძალადობრივი არ იყო, თუმცა შედეგი ძალადობრივი გახდა.

გვარამიამ უარყო და გაემიჯნა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მისი და მისი პარტიის დაჟინებულ მოთხოვნასაც. სხდომის თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ, მოპასუხე მხარე ირწმუნებოდა, რომ მათ ასეთი მოთხოვნა არასდროს დაუყენებიათ.

"ახლების" ლიდერთან შეკითხვები დაისვა არჩევნებთან და არჩევნებში გამარჯვებული პარტიის არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არცერთი არჩევნები არ უღიარებია, დღეს გვარამია სხდომათა დარბაზში ირწმუნებოდა, რომ მისი თანამოაზრეები წარსულში შედეგებს ეთანხმებოდნენ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გვარამია, მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ, ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ მისმა პარტიამ საარჩევნო უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით 1 000 საჩივარი დაწერა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან წინააღმდეგობაში მოდის. ცესკოს საიტზე ვკითხულობთ, რომ "კოალიციას ცვლილებისთვის" რეალურად 161 საჩივარი აქვს დაწერილი, რიცხვი კი რომელსაც გვარამია ასახელებს, მთელი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების რაოდენობის ჯამს აღწევს. სწორედ ამიტომ დააზუსტებინა მოსარჩელემაც "ახლების" ლიდერს სასამართლოს წინაშე ნათქვამი დეზინფორმაცია.

გვარამიასთან კითხვა-პასუხის დასკვნით ეტაპზე, სხდომის თავმჯდომარე დაინტერესდა, რას იზამს "კოალიცია ცვლილებისთვის" 2028 წლის არჩევნების შემდეგ, თუ არც შედეგებთან დაკავშირებით ექნებათ პრეტენზია და ვერც არჩევნებში გაიმარჯვებენ.

გვარამიას პასუხები, მოსარჩელე მხარის შეფასებით, ტყუილზე დაფუძნებული და არარეალურია. კანონმდებლები ამბობენ, რომ მოპასუხეები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ემიჯნებიან ერთმანეთს, რადგან საკუთარი ქმედებების გამართლებას სამართლებრივი არგუმენტაციით ვერ ახერხებენ.

ნიკა გვარამიას შემდეგ, პლენუმის შეკითხვებს "ლელო" პასუხობდა. ოპოზიციასთან კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კი სასამართლო მხარეთა პაექრობის ეტაპზე გადავა.

დღის ამბები