17 ნოემბერი 2026,   00:24
ვრცლად
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო გარემოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი ინსტიტუტები და გამართული მარეგულირებელი სისტემები - კატარელი ბიზნესმენი ასამხან ფალამანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილი დოჰაში უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.

საქართველოს ვიცე პრემიერი ასევე შეხვდა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს. შეხვედრები გაიმართა ბიზნეს სექტორთანაც, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ფაზას უყრის საფუძველს.

ყურის არაბულ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პარტნიორების გაძლიერებას ემსახურება.

კატარელი ბიზნესმენის, ასამხან ფალამანის განცხადებით, საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ მთავრობამ საინვესტიციო გარემოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"საქართველოს ადრეც ვსტუმრობდით და საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ მთავრობამ საინვესტიციო გარემოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოში მოქმედებს ძლიერი ინსტიტუტები და გამართული მარეგულირებელი სისტემები, რაც ინვესტორებს სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით დაცულობის განცდასა და საქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოს უქმნის. ვხედავთ მთავრობის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყანაში სხვადასხვა სახის ინვესტიციის განხორციელების მიმართ. საქართველოს პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული და გვჯერა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები ურთიერთსასარგებლო შედეგს მოიტანს", - განაცხადა ასამხან ფალამანმა.

დღის ამბები