17 ნოემბერი 2026,   19:31
ვრცლად
თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს

"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სარეგისტრაციო პროცესებისთვის კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ ზოდელავამ იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რაც მიწის რეგისტრაციას ათეულობით წლის განმავლობაში უშლიდა ხელს:

"მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: პირველი ის, რომ 80-იან წლებში მარნეულის ტერიტორიაზე არსებული იაღლუჯის ქედის ფერდობი გამოიყო რუსთავის მოსახლეობისთვის განაწილების მიზნით, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია განაწილდა რუსთავის მოსახლეობაზე; მეორე გახლდათ ის, რომ დოკუმენტები - განაწილების გეგმები, საარქივო მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დადგინდეს, მართლა ფლობს თუ არა პირი მიწის ნაკვეთს და არის თუ არა მესაკუთრე - ეს საარქივო მასალა უნდა ყოფილიყო მოძიებული. აქაც იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ეს განაწილების გეგმები არ მოიძებნებოდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი გახდა საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელიც იაღლუჯის სამეზობლო ფორმით იყო ჩამოყალიბებული.

 

 

დღის ამბები