წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს. ფილიალში ადგილობრივები დასაქმდებიან. ეს იქნება რიგით მე-16 ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ იუსტიციის სახლი წალენჯიხელებს ძალიან სჭირდებოდათ. ზარქუა თანადგომისთვის პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს მადლობას უხდის.
"ჩემს წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს. მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი წალენჯიხისთვის იუსტიციის სახლის მშენებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და იუსტიციის მინისტრს,"- აცხადებს ზარქუა.