17 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის ფერდზე ათასობით რუსთაველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს

ათასობით რუსთაველი, რომელიც იაღლუჯის ფერდზე მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა წლების განმავლობაში მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს. ათასობით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის უკვე იმუშავა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, და განსაზღვრა მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზებიც.

იუსტიციის სამინისტროს უკვე გამოქვეყნებული აქვს ის დოკუმენტაცია, რომელიც მოქალაქეებმა მიწების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ. იმ რუსთაველებს კი, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ.

გივი მოსიაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის რეგისტრაციისთვის განაცხადი უკვე შეიტანა. ტერიტორია მას 80-იან წლებში გადაეცა, თუმცა სურვილის მიუხედავად, დაკანონების შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია.

გივი მოსიაშვილის გარდა, მიწის დარეგისტრირების საშუალება ათასობით მოქალაქეს მიეცა. ამბობენ, რომ ამ პროცედურის დაწყებამ მათთვის საკუთრებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი გაურკვევლობა და სირთულეები დაასრულა.

საკითხის შესწავლისა და სამართლებრივად მოწესრიგების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დოკუმენტაცია და ტერიტორიის თავისებურებები გამოიკვლია და პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები განსაზღვრა.

საჯარო რეესტრი უკვე მზადაა, რომ მოქალაქეებს კუთვნილი მიწები დაუკანონოს. უწყებამ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა და ის პროცედურები განმარტა, რომლებიც მოქალაქეებს საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარება.

თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება. მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში პირადად მონაწილეობდა რუსთავის მერი.

იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა, როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ოფისებში, დღეიდან შეუძლიათ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები