17 ნოემბერი 2026,   22:43
ვრცლად
კანონპროექტი უცხოური დაფინანსების შესახებ - სლოვენია გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს, თბილისი კი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

გამჭვირვალობის გაზრდა ახლა უკვე ევროკავშირის წევრი სლოვენიის პრიორიტეტიც გახდა. ქვეყნის მმართველი კოალიციის ინიციატივით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული უცხოური დაფინანსება საარჩევნო ან სარეფერენდუმო კამპანიიდან ავტომატურად გამოიწვევს იურიდიული პირების დისკვალიფიკაციას.

კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებსაც, რომლებიც საზღვარგარეთიდან, ევროკომისიის გრანტებიდან თუ ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდებოდნენ. კანონში შემოდის ე.წ. მესამე პირის ცნება - სუბიექტი, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს ფასიან აგიტაციას, ვალდებულია, დარეგისტრირდეს კამპანიის ორგანიზატორად. ხარჯებისთვის წესდება 10 ათასი ევროს ოდენობის ზედა ზღვარი. 10 ათას ევრომდე იზრდება ჯარიმებიც.

ინიციატორები სლოვენიის მმართველი კოალიციიდან განმარტავენ, რომ ცვლილებები ამომრჩეველთა ინტერესების დაცვის, გამჭვირვალობის გაზრდისა და დემოკრატიულ პროცესებში არაპირდაპირი უცხოური გავლენების აღკვეთის აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ავტორები მესამე მხარეების საქმიანობის რეგულირების შესახებ ეუთოს რეკომენდაციებს ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ დაუშვებელია, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური ფინანსებით გავლენას ახდენდნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.

მაშინ რატომ აკრიტიკებენ ევროკავშირიდან უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯისთვის საქართველოს? - კითხვა თბილისში არათუ აქტუალობას არ კარგავს, არამედ სულ უფრო ლეგიტიმური ხდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გამჭვირვალობას ყველგან ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ანალოგიურ გადაწყვეტილებას ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანებისთვის იყენებდნენ.

ფაქტების აღიარება დღემდე უჭირს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს სლოვენიისგან განსხვავებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნები არ ჰქონიათ.

გზა, რომელსაც დღეს ზოგიერთი სახელმწიფო გადის, საქართველომ უკვე გაიარა, - აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც ორმაგი სტანდარტი აღარ უკვირთ. უკვირთ ის, თუ როგორ უნდა გამართლდეს გამჭვირვალობის იდენტური კანონის მიღება თავად ევროკავშირის მხრიდან. სლოვენია არც პირველია და არც უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მოქმედებს. ანალოგიურ ცვლილებებზე მუშაობს ჩეხეთიც, სადაც ოფიციალური ვიზიტის დროს ქართველმა კანონმდებლებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

კანონპროექტი სლოვენიის პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონი უკვე დაამტკიცა საფრანგეთის სენატმა. მეტად გამკაცრდა ამერიკული FARA. უცხოური გავლენის რეესტრი ორი წლის წინ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა კანადაშიც.

დღის ამბები