ფრანკფურტში აქციების დროს 100-სზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ათასზე მეტი დემონსტრანტი იყო ძალადობრივ ქმედებებში ჩართული. დააზიანეს და გაძარცვეს 20-მდე მაღაზია, სამართალდამცველებს კი პიროტექნიკა და ქვები ესწროლეს.
წესრიგის აღსადგენად მობილიზებული იყო 1300-მდე პოლიციელი. დაკავებულია 54 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დაკავებულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა, თუმცა, მათ შორის არიან მიგრანტებიც. ძალადობრივი აქციები და შეტაკებები დაფიქსირდა კიოლნშიც.
ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრის რომან პოზეკის განცხადებით, გასულ ღამით მომხდარს მკაფიო შედეგები უნდა მოჰყვეს, რაც მისივე შეფასებით, დამნაშავეების წინააღმდეგ უმკაცრეს სამართლებრივ დევნას გულისხმობს.
"ძალიან მკაფიოდ ვამბობ, ასე გაგრძელება არ შეიძლება, მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ მათ, ვინც ასეთი ძალადობით მოქმედებს ჩვენი პოლიციისა და სხვისი ქონების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ სრულიად უკონტროლო ძალადობა, განსაკუთრებით ჩვენი პოლიციის მიმართ შოკირებული ვარ იმით, რომ 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
გაიცა დაშლის 1 225 ბრძანება, გავჩხრიკეთ 366 პირი. ჩემი აზრით, წუხანდელ ღამეს მკაფიო შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს უმკაცრეს სამართლებრივ დევნას გულისხმობს დამნაშავეებმა კანონის მთელი სიმკაცრე საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ. იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება პატიმრობები და, რაც მთავარია, სამაგალითო სასჯელები", - განაცხადა ჰესენის შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან პოზეკმა.