03 ნოემბერი 2026,   18:38
ვრცლად
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა, საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა.

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი ეხება სიცრუეზე დაფუძნებული ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე მხარე ითხოვს ამ ინფორმაციის უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

დავით ასათიანი ბოლო პერიოდში, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც სინქრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან.

"სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს "TVპირველი" და შპს "ფორმულა". სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეზურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს", - აღნიშნა უფლებადამცველმა.

დღის ამბები