03 ნოემბერი 2026,   21:41
ვრცლად
კახა კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე: სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, აღნიშნულმა ჩაკეტვამ დისკომფორტი შექმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება შეუძლებელი იყო

თბილისის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გასასვლელების რეაბილიტაციის პროცესიც. მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა და მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟიც. ეწყობა ტროტუარები, საავტომობილო გზის საფუძველი, სადაც სულ მალე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები.

თბილისის მერმა, მოსახლეობას ამ პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება, შეუძლებელი იყო:

"სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთებისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. საბოლოო ჯამში, როდესაც პროექტი დასრულდება, იქნება ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, განსაკუთრებით ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს, ოჯახებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დისკომფორტი შექმნა აღნიშნულმა ჩაკეტვამ, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები