03 ნოემბერი 2026,   21:42
ვრცლად
მედია: ფრანგული პროფკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფკავშირული გაერთიანება - "საფრანგეთის შრომის საყოველთაო კონფედერაცია" (CGT) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებს 5 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც ფრანგული მედია წერს, პროფკავშირმა თავის განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებს, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სპეციალიზებულ პერსონალს მოუწოდა, შეუერთდნენ საპროტესტო მობილიზაციას.

მედიის ცნობით, მოქმედ პოლიციელებს გაფიცვის უფლება არ აქვთ, თუმცა CGT მოუწოდებს იმ პოლიციელებს, რომლებსაც ამ დღეს დასვენება აქვთ, აქციაში სამოქალაქო ტანსაცმლით, ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად მიიღონ მონაწილეობა.

რაც შეეხება შსს-ს ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სპეციალიზებულ პერსონალს, მათ გაფიცვის უფლება აქვთ.

ცნობისთვის, პროფკავშირი აპროტესტებს 2027 წლის ბიუჯეტს, რომელიც, მათი შეფასებით, ხელფასების გაყინვას ითვალისწინებს. პროფკავშირი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს პრემიების არათანაბარი განაწილების გამო სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფსა და სამსახურს შორის. მათი თქმით, ასეთი სისტემა თანამშრომლებს ერთმანეთისგან ყოფს და ეს პრემიები პენსიის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული.

დღის ამბები