ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრიუსელის გადაწყვეტილებების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამის შესახებ ედი რამამ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ყოფნისას ისაუბრა.
"მინახავს, როგორ გამქრალა გზადაგზა დათქმული თარიღები და ვადები, მინახავს, როგორ ვერ შეუსრულებია ევროკავშირს საკუთარი დაპირებები და ისიც მინახავს, თუ როგორ გაუკეთებია მას მოლოდინზე გაცილებით მეტი. ასე რომ, ევროკავშირთან მიმართებით წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, შესაბამისად, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვიმყოფებით ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის," - განაცხადა ალბანეთის პრემიერმა.
ცნობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობს, რომელიც Euronews-ის ორგანიზებით იმართება.
სამიტი პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ეტაპი, როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატია.
სამიტზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.