03 ნოემბერი 2026,   23:10
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგია. ფაშინიანმა ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

გარდა ამისა, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გამოიყენებს შესაძლებლობებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება და ევროპული გზა, სომხეთისთვის შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო იყო.

"ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაზე დიალოგია. მიზნად 2029 წლისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება გვაქვს დასახული. ეს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

სომხეთი არ აპირებს, შეიცვალოს და სხვა რამედ იქცეს. სომხეთი სომხეთია და მომავალშიც დარჩება სომხეთად. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ სომხეთის რესპუბლიკას და მის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, ასევე, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებას, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. გულწრფელად რომ გითხრათ, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღების გადაწყვეტილებისას, ჩვენთვის შთაგონების წყარო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და თავად საქართველოს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

სომხეთისთვის საქართველოს წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ კურსსა და ევროპულ პერსპექტივას," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობს, რომელიც Euronews-ის ორგანიზებით იმართება.

სამიტი პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ეტაპი, როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატია.

სამიტზე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.

 

დღის ამბები