25 სექტემბერი 2026,   17:35
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს - ნინო წილოსანი

აზერბაიჯანში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ თავად დელეგაციის წევრები.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ქვეყნების მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება - ეს სწორედ ის თემებია, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში ეთმობა ყურადღება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანია.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რამაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა, ქვეყნებს მისცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ. წილოსანი თვლის, რომ ერთად დგომა და პოზიციონირება საერთო პოზიციებს აძლიერებს.

"ჩვენ, ორი სახელმწიფო, არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელმაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა. ჩვენს ქვეყნებს მიეცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ. და, რა თქმა უნდა, ერთად დგომა და ერთად პოზიციონირება ჩვენს საერთო პოზიციებს, აძლიერებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ანტონ ობოლაშვილის შეფასებით, ვიზიტის უმთავრესი ამოცანაა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

"გვქონდა შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უმთავრესი ამოცანა ვიზიტის არის ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის გამორჩეული ურთიერთობა, რომელიც არის დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და საერთო ინტერესებზე," - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.

დღის ამბები