10 ნოემბერი 2026,   14:08
ვრცლად
ბულგარეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა

ბულგარეთში, "თრაკიის" ავტომაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 25 კი დაშავდა. ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს 50-მდე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის ოლქში, სტრალჯის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიმნიცასთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდული ხილვადობის გამო ერთმანეთს ორივე ზოლში მოძრავი მსუბუქი ავტომობილები, მიკროავტობუსები და სატვირთო მანქანები შეეჯახა.

დაშავებულთა მისაღებად იამბოლისა და სლივენის რეგიონული კლინიკები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ და გეგმური ოპერაციები შეაჩერეს. მძიმე პაციენტების ევაკუაციაში სამედიცინო ავიაცია და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაერთო.

მომხდარის გამო ქვეყანაში კრიზისული შტაბი შეიქმნა და მოსახლეობის გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. "თრაკიის" ავტომაგისტრალი კი ორივე მიმართულებით სრულად გადაკეტილია.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები