10 ნოემბერი 2026,   13:40
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ცდილობენ საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ ომის პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, ეს არის ბრიუსელის მთავარი პრობლემა, რომ საქართველოს ხედავს რუსეთის კონტექსტში. არ აღგვიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენი მიზნებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევრობიუროკრატების მიდგომებსა და რადიკალური ოპოზიციის გარე დაკვეთებზე ისაუბრა.

პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წელია მიმდინარეობს მცდელობა, რომ საქართველო უკრაინის ომის პირობებში ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული, რადგან ბრიუსელი ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიქვამს.

"რადიკალურ ოპოზიციას გარედან დავალება აქვს მიღებული წარმოგვაჩინონ ისე, რომ დამოკიდებული უნდა ვიყოთ ცალკეულ, მარგინალურ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე, იქიდან რა დაკვეთაც შემოუვა, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში. ამას ვუყურებთ ბოლო ოთხი წელია.

ცდილობენ, რომ საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ იმ ომის პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, ეს არის მთავარი პრობლემა ბრიუსელის, რომ საქართველოს ხედავს რუსეთის კონტექსტში. ჩვენ არ აღგვიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენი მიზნებით, ჩვენი მომავლის სწრაფვით, ჩვენ გვხედავენ რუსეთის კონტექსტში, რა შეიძლება, როგორ შეიძლება გამოგვიყენონ ამ პროცესში, რომელშიც ისინი დღეს არიან რუსეთთან და რომელსაც ვხედავთ, რომ სხვა ინსტრუმენტებით ვერ ერთვებიან. დღეს დაიწყება აბუ-დაბიში მოლაპარაკება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს, რომ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ვხედავთ, რომ ისინი არ იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

ეს არის სწორედ შედეგი იმ უმწიფარი, წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს. აი, ეს მიიღეს საბოლოო ჯამში. დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო არ დარჩა, რომელიც ანგარიშს უწევს ევროკავშირს. ვხედავთ, რომ ევროპის უსაფრთხოება და საუბარი დღეს იქნება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე. ეს მიიღეს შედეგი საკუთარი უმწიფარი პოლიტიკით და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ ავყვეთ ბრმად მათ საგარეო პოლიტიკურ რჩევებს, ვინაიდან აი აქ მიგვიყვანენ საბოლოო ჯამში, სადაც თვითონ მივიდნენ, რომ მათი უსაფრთხოების საკითხებს დღეს სხვები წყვეტენ, მათი მონაწილეობის გარეშე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პრაღაში გამართული შეხვედრების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ჩეხეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ბოლო შეხვედრები შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გამართა. სპიკერი შეხვდა ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის და ტრანსპორტის მიმართულებით. 

დღის ამბები