საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება, რაც
"ქართული ოცნების" და ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის.
"ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი, რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და საქართველო ძლიერდება. ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ მხრივ ეს არის სწორედ დასტური ჩვენი წარმატებული პოლიტიკისა.
მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორ, პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოს და ქართველი ხალხის რაღაც დაკნინებულად წარმოდგენით და თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩინეთის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში, სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშო არის ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.