საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს და რომლის პროცესი დღეს განახლდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთში ვიზიტისას, მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ, ამ დროის განმავლობაში, ვერ შეძლო და თავის დასაცავად ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, ამის ნაცვლად კი "ქართულ ოცნებას" ესხმიან თავს.
"საზოგადოება დარწმუნდა, რომ პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებების და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც წარდგენილი გვაქვს. მთელი მათი ტაქტიკა იმაზე იყო აგებული, რომ "ქართული ოცნებისთვის" დაებრალებინათ რამე და შედავებოდნენ - გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ.
ეს სასამართლო არ არის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით. მათ თუ რაიმე აქვთ შესადავებელი, შემოსულიყვნენ პარლამენტში და სარჩელი შეეტანათ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებითაც. ეს სასამართლო არ ეხება "ქართულ ოცნებას", ეს სასამართლო ეხება მათ. ამიტომ, ტყუილად ხარჯავენ დროს და ენერგიას. ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული და იმართლონ თავი.
საქმეც ის არის, რომ სამართლებრივი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ, მხარს უჭერდნენ ამ ძალადობას. როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევების წარმომადგენელმა პარტიებმა, რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც აღიარებული აქვთ, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან, მათგან პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და მუშაობენ სანქციების დასაწესებლად ქვეყნის წინააღმდეგ. ამით არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულზეც კი საუბრობენ.
ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ. ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოს, მოსარჩელე მხარეს - "ქართულ ოცნებას", მაგრამ ეს ტაქტიკა ფუჭია. თუ ჰგონიათ, რომ ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ და თავი იმართლონ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წაყენებული აქვთ, თავს ესხმიან მოსარჩელეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.