აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება. მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაა.
დახურულ კარს მიღმა მხარეები ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე მუშაობენ, მოსკოვი უკრაინისგან ოთხი ანექსირებული რეგიონიდან ჯარების სრულად გაყვანას, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას და შეიარაღებული ძალების შემცირებას ითხოვს. კიევი ტერიტორიების დათმობას და არმიის რიცხოვნობის შემცირებას ეწინააღმდეგება.
მოლაპარაკებების დაწყებამდე განცხადებებს აკეთებენ მხარეები. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულების ძლიერი სურვილი არსებობს.
"უკრაინა და რუსეთი თვეში დაახლოებით 25 ათას ადამიანს კარგავენ, ძირითადად, სამხედროებს. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 32 ათასი იყო. შეადარეთ ეს ჩვენს მდგომარეობას - ექვსი თვის განმავლობაში არც ერთი ჯარისკაცი არ დაგვიკარგავს. არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. ვხედავთ, რომ ომის დასრულების ძლიერი სურვილი არსებობს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების დაყენებას მისასალმებელს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა დღის წესრიგში პირველ ადგილზე კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები დააყენეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რაც შეეხება ომში მყოფ ქვეყანას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აუცილებელია უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.
"ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფი უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. იქ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც იქნებიან. მათ სხვა ფორმატში შევხვდებით. აბუ-დაბიში შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციის ნაბიჯების შეთავაზებას წარადგენს. აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.