10 ნოემბერი 2026,   15:36
ვრცლად
"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვს

"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში, მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა ლევან სამუშიამ დააყენა, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

ლევან სამუშიას განცხადებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი კანონით გათვალისწინებული პროცედურაა.

"ჩვენი პოზიციაა მოგვეცეს იმ სამართლებრივი უფლებით სარგებლობა, რა სამართლებრივი უფლებაც სრულიად ლოგიკურად კანონმდებელმა განგვისაზღვრა," - განაცხადა ლევან სამუშიამ.

აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებისას მხარეებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდა. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.

"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

 

 

 

 

დღის ამბები