10 ნოემბერი 2026,   15:31
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმმა "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

მოსამართლეთა პლენუმმა განიხილა ოპოზიციის შუამდგომლობა "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ჩატარებაზე. შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პლენუმის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება სხდომაზევე განმარტა.

"ნომერ 1979 კონსტიტუციურ სარჩელზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა.

მოთხოვნა საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო, ასევე, არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას.

სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას, მისი სადავოდ ხდისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება", - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

მოსარჩელე მხარის განცხადებით კი, ოპოზიცია ცდილობს ხელოვნურად შექმნას აღქმა, თითქოს მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა არ ეძლევა, რაც საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ურჩევს, ჩამოყალიბდნენ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, ახლავს თუ არა სარჩელს მტკიცებულებები, რადგან ოპონენტების მანამდე გაჟღერებული პოზიციები და დღეს დაყენებული შუამდგომლობა ურთიერთგამომრიცხავია.

დღის ამბები