"აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა", - ასე გამოეხმუარუა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე ოპოზიციის დუმილს.
როგორც ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ჩინეთთან მიმართებაში ოპოზიცია ნარატივში დაიკარგა.
"გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორ ღლიცინებდნენ და რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიერი, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები, როგორ ჩაბრძანდნენ ბატონ სი ძინპინთან და როგორ გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობები, რა განცხადებები აკეთეს - თურმე მათი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩინეთთან მჭიდრო კავშირები.
შესაბამისად, ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია და ახლა, რა თქმა უნდა, მათთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა ამ ყველაფრის ფონზე, რომ ჩინეთზე ისევ ქილიკით დაეწყოთ საუბარი.
შესაბამისად, მიიღეს დავალება, რომ ჯობდა საერთოდ არ ესაუბრათ. ორი დღის განმავლობაში ხმა არ ამოუღია არცერთ აგენტურული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, არც მათ მედიასაშუალებებს ასეთი რანგის ვიზიტთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე ოპოზიციის სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.
მმართველი გუნდის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.