კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა, გვანცა ჩეიძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენისას, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა გამართა და უშუალო კომუნიკაცია 9 000-მდე (ცხრა ათასი) მომხმარებელთან დაამყარა.
2025 წელს სამსახურში შემოსული 3015 (სამი ათას თხუთმეტი) საჩივრიდან, 2863 (ორი ათას რვაას სამოცდასამი) დაკმაყოფილდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
ინფორმაციას "მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი" ავრცელებს.