პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არჩევნების ჩატარებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
"მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში - უკანონო არჩევნების ჩატარებას.
პოლონეთის რესპუბლიკა ასევე მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საარჩევნო პროცესის ორგანიზებას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამისი ხელისუფლების თანხმობის გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ წარმოადგენს უკანონო ქმედებას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და დემოკრატიული პროცესების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ES-11/4 - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“, რომლითაც 143 სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უკანონო ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა.
რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, ჟენევის IV კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული ე.წ. „არჩევნები“ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და ვერ გახდება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის სამართლებრივი ან პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფუძველი.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.