21 სექტემბერი 2026,   01:28
ვრცლად
გლობალური განგაში: რატომ იძირებიან მსოფლიოს უდიდესი მეგაპოლისები?

ზოგჯერ ქალაქის მომავალი ერთი შეხედვით სრულიად მშვიდ ადგილას წყდება. მაგალითად, ასფალტზე, რომელზეც ყოველდღე მანქანები მოძრაობენ; სახლის საძირკველთან, რომელსაც ვერავინ ამჩნევს; ან მიწისქვეშა მილებში, საიდანაც წყალი ქალაქის მოსახლეობამდე მიდის. სანაპირო ქალაქებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სანამ ზემოთ ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებენ, ქვემოთ შეიძლება ნიადაგი ნელ-ნელა იკუმშებოდეს. ამავე დროს, ზღვის დონე იზრდება. ეს ორი პროცესი ერთმანეთს ემატება და ქალაქს იმ ზღვასთან უფრო ახლოს ტოვებს, რომლისგანაც ადრე შედარებით დაცული იყო.

მსოფლიოში რამდენიმე დიდი ქალაქი დღეს ერთდროულად ორი პრობლემბის წინაშეა-ზღვა ნელ-ნელა იმატებს, მიწა კი ზოგიერთ ადგილას იძირება. ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ხშირად ჯაკარტას, ვენეციასა და ნიუ-ორლეანს ახსენებენ, თუმცა პრობლემა ამ ქალაქებით არ შემოიფარგლება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე სანაპირო ურბანული ცენტრები განსხვავებული მიზეზების გამო, მაგრამ ერთი საერთო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ: როგორ იცხოვრონ უსაფრთხოდ იქ, სადაც მიწასა და წყალს შორის ძველი ბალანსი იცვლება.

ზოგიერთ შემთხვევაში მიწის დაწევა იმდენად სწრაფია, რომ ის ზღვის დონის მატების ეფექტს აძლიერებს. NASA-ს მიერ განხილული კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს რიგ სანაპირო ქალაქებში მიწის დაწევა შეიძლება ზღვის დონის მატებაზე უფრო სწრაფადაც მიმდინარეობდეს. ასეთ ადგილებში პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ოკეანე მაღლა მოდის, ქალაქი თავადაც შეიძლება წყლის მიმართ დაბლა ეშვებოდეს. 

გლობალური კვლევების თანახმად, მსოფლიოს უდიდესი ქალაქები იმაზე ბევრად უფრო სწრაფად იძირებიან, ვიდრე მათ გარშემო წყლის დონე იმატებს.

მიწისქვეშა წყლების ჭარბი მოპოვება - ეს არის მთავარი მიზეზი. როდესაც ქალაქები სასმელად ან მრეწველობისთვის აქტიურად ტუმბავენ წყალს მიწისქვეშა წყალშემცველი ფენებიდან, ნიადაგი იკუმშება და ცარიელი ადგილები ზემოდან დაწოლილი მასის გამო იკეტება.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი ადასტურებს, რომ მეგაპოლისების ცათამბჯენები, ბეტონისა და ასფალტის მასა ფიზიკურად აწვება და ტკეპნის რბილ გრუნტს, გარდა ამისა, ბევრი დიდი ქალაქი აშენებულია მდინარის შესართავებთან (დელტებზე), სადაც ნიადაგი ბუნებრივად ფხვიერია. კაშხლების მშენებლობის გამო, მდინარეებს აღარ ჩააქვთ საჭირო რაოდენობის ნალექი, რაც ადრე ამ მიწებს ბუნებრივად ამაღლებდა.

ჯაკარტა იმ ქალაქების ჩამონათვალშია, რომლებიც იძირება, თუმცა ზოგ ადგილას ეს პროცესი მნიშვნელოვნად შენელდა. ზოგადად, ჯაკარტის რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად ჩაძირვად ურბანულ ტერიტორიად ითვლება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიწისქვეშა წყლების ინტენსიური გამოყენებაა. ქალაქის ქვეშ არსებული რბილი ნიადაგი წყლის ამოტუმბვის გამო იკუმშება და მიწის ზედაპირი ქვემოთ ეშვება.

ახალი კვლევის მიხედვით, ჯაკარტაში მდგომარეობა ყველა რაიონში ერთნაირი აღარ არის. 2007-2010 წლებში ქალაქის სანაპირო და შიდა ტერიტორიების დიდი ნაწილი თითქმის თანაბარი სიჩქარით იძირებოდა. მოგვიანებით კი ზოგიერთ შიდა რაიონში მიწის დაწევა შენელდა, ხოლო ცალკეულ ადგილებში მიწის მცირე აწევაც კი დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ტერიტორიაზე ჩაძირვის სიჩქარე დაახლოებით 180 მილიმეტრიდან 70 მილიმეტრამდე შემცირდა წელიწადში. კვლევის მთავარი დასკვნა ისაა, რომ ჯაკარტის რეგიონში მიწის ჩაძირვის მიზეზები ყველგან ერთნაირი არ არის. სანაპირო რაიონებში მიწის დაწევა უფრო რთული და ხანგრძლივი პრობლემაა, ხოლო შიდა ტერიტორიებზე მიწისქვეშა წყლების სწორად მართვამ შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვიოს, ამიტომ ჯაკარტის დასაცავად ერთი საერთო გამოსავალი არ არსებობს - სხვადასხვა რაიონს განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

NASA-ს უახლესი მონაცემებით, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო თვეში საშუალოდ 1.2 სანტიმეტრით იწევს. კოსმოსიდან ჩანს, რომ ქალაქი კი არ ინგრევა, არამედ სიტყვასიტყვით "იგლიჯება", ერთი ქუჩა მეორეს ფიზიკურად სცილდება და მათ შორის ნიადაგში უზარმაზარი ნაპრალები ჩნდება. ქალაქი აცტეკებმა ხელოვნურ კუნძულებზე, ტექსკოკოს ტბის შუაგულში ააშენეს. ესპანელებმა ტბა დააშრეს, ხოლო თანამედროვე მეგაპოლისმა სასმელი წყლის 60%-ისთვის მიწისქვეშა წყლების ამოქაჩვა დაიწყო.მეხიკო ზღვის პირას არ მდებარეობს, თუმცა ქალაქი მაინც იძირება. ამის მთავარი მიზეზი მიწისქვეშა წყლების დიდი რაოდენობით ამოტუმბვაა. ქალაქი ძველი ტბის ფსკერზეა გაშენებული, ამიტომ ნიადაგი რბილია და წყლის ამოტუმბვის შემდეგ იკუმშება. შედეგად, მიწა ნელ-ნელა ქვემოთ ეშვება. ზოგიერთ რაიონში ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს და პრობლემებს ქმნის გზებისთვის, შენობებისთვის, მეტროსა და წყლის მილებისთვის.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ მიწის დაწევა ამ ტემპით გაგრძელდა, მეხიკოს ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. მეხიკოს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქალაქის "ჩაძირვა" ყოველთვის ზღვასთან არ არის დაკავშირებული. ზოგჯერ მიზეზი თავად ქალაქის მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაა. გეოლოგიური კველვების მიხედვით, ქალაქი შესაძლოა მომდევნო 150 წლის მანძილზე 30 სანტიმეტრით დაბლა ჩავიდეს.

ვენეცია-ქალაქი, რომელსაც ზღვის დონის მატება სულ უფრო დიდ პრობლემებს უქმნის

2026 წელს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ვენეციისა და მისი ლაგუნის მომავალი ზღვის დონის მატების პირობებში შეისწავლა. მეცნიერების შეფასებით, ქალაქს დღეს არსებული დამცავი სისტემა, ჯერ კიდევ ეფექტურად იცავს ძლიერი წყალდიდობებისგან. თუმცა ზღვის დონის მატებასთან, ერთად ვენეციის დაცვა უფრო რთული და ძვირი გახდება. კვლევის მიხედვით, თუ ზღვის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს, ქალაქს მომავალში შესაძლოა ახალი და უფრო მასშტაბური დამცავი სისტემების შექმნა დასჭირდეს. მეცნიერები განიხილავენ რამდენიმე შესაძლო გზას, მათ შორის ქალაქის დამატებით შემოღობვას დამცავი ნაგებობებით. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ზღვის დონის მატება ძალიან დიდი აღმოჩნდება, შესაძლოა დღის წესრიგში ქალაქის ზოგიერთი კულტურული ძეგლის უსაფრთხო ადგილას გადატანაც კი დადგეს. კვლევის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ვენეციის მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუ კლიმატის ცვლილების შესანელებლად სწრაფი ნაბიჯები გადაიდგმება, ყველაზე მძიმე სცენარების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამიტომ ვენეციისთვის საფრთხე მხოლოდ ის არ არის, რომ ქალაქი ნელ-ნელა იძირება - მთავარი გამოწვევა ზღვის დონის მატებაა და ის, თუ რამდენად შეძლებს ქალაქი ამ ცვლილებასთან ადაპტაციას.

ნიუ-ორლეანის დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ამიტომ მისი უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია ისეთ დამცავ სისტემებზე, როგორებიცაა დამბები, წყლის სატუმბი მოწყობილობები და სხვა ინფრასტრუქტურა. ახალი კვლევების მიხედვით, ნიუ-ორლეანის სხვადასხვა რაიონში მიწის დაწევა განსხვავებული სიჩქარით მიმდინარეობს.

მეცნიერებმა სატელიტური მონაცემების გამოყენებით დაადგინეს, რომ ქალაქის ზოგიერთი ნაწილი წელიწადში რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე იძირება. ქალაქის ჩაძირვის მთავარი მიზეზი მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ნიადაგის ბუნებრივი შეკუმშვა, რადგან ნიუ-ორლეანი მდინარე მისისიპის დელტაზე მდებარეობს. ასევე გავლენას ახდენს მიწისქვეშა წყლების გამოყენება, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ასევე ადამიანის მიერ გარემოს შეცვლა.

ნიუ-ორლეანის შემთხვევაში პრობლემა განსაკუთრებით რთულია, რადგან ქალაქი ერთდროულად ებრძვის ორ პროცესს: მიწა ქვემოთ იწევს, ხოლო ზღვის დონე ნელ-ნელა იზრდება. 2005 წელს ქარიშხალმა "კატრინამ" აჩვენა, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ქალაქი. ძლიერი შტორმის დროს დამცავი სისტემების დაზიანებამ ქალაქის დიდი ნაწილის დატბორვა გამოიწვია და მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.ზუსტი პროგნოზები რთულია,თუმცა დღეს ნიუ-ორლეანი კვლავ დაცულია ძლიერი საინჟინრო სისტემებით, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ მომავალში გამოწვევა უფრო დიდი გახდება. რაც უფრო იზრდება ზღვის დონე და რაც უფრო იძირება მიწა, მით უფრო რთული და ძვირი ხდება ქალაქის მუდმივად დაცვა.

ნიუ-ორლეანის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქალაქის "ჩაძირვა" ყოველთვის არ ნიშნავს მის სწრაფ გაქრობას. ხშირად ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა წყალსა და ადამიანების მიერ შექმნილ ინფრასტრუქტურას შორის.

 

 

დღის ამბები