21 სექტემბერი 2026,   07:14
ვრცლად
სარდაფები, თაღები და ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეები - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის აქამდე უხილავი ნაწილი

ყოველ ჯერზე, როცა რუსთაველის გამზირს ფეხით გაივლი, მელიქ აზარიანცის სახლთან აუცილებლად შეჩერდები. დღეს გასაოცარი ფასადის მიღმა მხოლოდ თბილისური ამბებია დარჩენილი. დანამდვილებით ცოტა რამ, მაგრამ ზუსტად ის ვიცით, რომ ერთმა წარმოშობით სომეხმა კაცმა, იმ დროისთვის უნიკალური სამშენებლო გადაწყვეტებით და ინოვაციური მიდგომებით, თბილისში ბევრი რამ შეცვალა.

რთული გეოლოგიური მდებარეობის და სხვა უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მშენებლობა 1915 წელს დასრულდა.

თბილისის გულში, ნაგავსაყრელის ადგილას, 6-სადარბაზოიანი უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

თითოეულ ბინას საკუთარი აბაზანა, სამზარეულო, ტელეფონიც კი ჰქონდა. ეზოში იყო ფოტო სალონი, საბავშვო ბაღი, სამხატვრო გალერეა, ბაღში ეგზოტიკური მცენარეებით და შადრევნებით.

გრუნტის წყლების გამო, ტრადიციული საძირკველი ვერ გაკეთდა. პროფესიით გეოლოგმა, მელიქ აზარიანცმა გამოსავალი მაინც იპოვა, მთელი საძირკველი ტყვიაში ჩასვა და სპეციალურად გამომწვარი აგური გამოიყენა. შენობის მასშტაბის შესატყვისია რამდენიმესართულიანი მიწისქვეშა ნაწილი გვირაბების ქსელით.

1909 წელს გაზეთი მომავალი ამ სახლის ჩხრეკის შესახებაც წერდა. დროთა განმავლობაში ბევრი ლეგენდა გაჩნდა დამალულ საგანძურზე, საიდუმლო გასასვლელებსა და მიწისქვეშა სივრცის უცნობ დანიშნულებაზე.

სახლის ყველაზე ემოციურ და იდუმალ ისტორიად მელიქ აზარიანცის ქალიშვილის - თაქუის გარდაცვალება რჩება. არსებობს ვერსია, რომ სახლის მშენებლობა მის ხსოვნას მიეძღვნა.

მილიონერ მშენებელს შემოსავლიანი სახლი ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. საცხოვრებლად მხოლოდ პატარა ჯიხური დაუტოვეს, 1923 წელს კი მელიქ აზარიანცი უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა.

საუკუნის შემდეგ, ეს კედლები ძველ დიდებას იბრუნებს. კომპლექსის კონცეფციაზე ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით. "მომავლის სახლის" გაგრძელება ახლა მთლიანად რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული. უნიკალური არქიტექტურის მასშტაბური პროექტი ქალაქს ახლებური იერით დაუბრუნდება.

დღის ამბები