19 სექტემბერი 2026,   19:12
ვრცლად
"ფორმა მიზანმიმართულად იყო შერჩეული, დამცინავი და დამაკნინებელი" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის დისკრიმინაციულ განცხადებაზე

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, დარინა მიქელაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრიმინაციულ განცხადებას გმობენ. მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი სტიგმატიზაცია და სიძულვილის ენა, რომელიც პაციენტი ბავშვების ღირსებას ლახავს.

აქტივისტის მხრიდან გამოყენებულ შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიასა და მიზანმიმართულად დამცინავ დამოკიდებულებაზე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა ისაუბრა.

"მოქალაქის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, როდესაც ინტერესდება, სად მიდის ბიუჯეტი, როგორი იხარჯება, რამდენად გონივრულია და რამდენად პრიორიტეტულად არის სწორად დალაგებული. თუმცა, ეს როგორი ფორმითაც მოხდა დღეს, სერიოზულად ვერც აღვიქვი თავიდან, სიმართლე გითხრათ. ეს პრეცედენტი ძალიან ცუდია, რომ ტერმინოლოგიას არ გავუფრთხილდეთ, ამ ადამიანებს არ გავუფრთხილდეთ, ოჯახებს არ გავუფრთხილდეთ. ფორმა მიზანმიმართულად იყო შერჩეული, დამცინავი და დამაკნინებელი. ეს არ იყო უცოდინარობით განპირობებული და ამიტომ არის ძალიან საზიანო, როდესაც შენ რაღაც მიზანმიმართულად გინდა, რომ დააკნინო და ეს არ არის უბრალოდ შეცდომით განპირობებული", - აცხადებს მაკა გოჩიაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა, დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების დაფინანსების გადაწყვეტილება გააპროტესტა და სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა: "მაინტერესებს ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?". აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები