"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ეხებოდა, მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით, მედიკამენტმა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ყველა პაციენტის შემთხვევაში საუკეთესო და თვალსაჩინო შედეგი გამოიღო.
"არ შეიძლება ქალმა, დედამ, ასეთი სტატუსი დაწეროს. მე ვიწვევ ამ ქალბატონს - სახელი და გვარი ვიცი და ვეუბნები, რომ მას შევხვდები პირადად, სადაც უნდა, ვანახებ ყველა იმ შედეგს, რაც ამ ბავშვებმა მიიღეს. არ დარჩა ბავშვი, რომელსაც არ აქვს საუკეთესო შედეგი. პირადად ჩემი შვილის მაგალითზე - 1 მეტრი და 33 სანტიმეტრი იყო და დღეს არის 1 მეტრი და 46 სანტიმეტრი. არ არის ეს მხოლოდ ხაზოვანი ზრდა, მას ყველა პროპორციული მაჩვენებელი აქვს გაუმჯობესებული. არავის საკუთარი მილიონი არ გამოუღია ჯიბიდან - ეს გამოიღო სახელმწიფომ. ვერ დაინახა ჩვენში პოლიტიკა, ვერ დაინახა ის, რომ არ დავიწყეთ მთავრობის ლანძღვა, ამიტომაც ჩათვალა საჭიროდ," - აცხადებს ქეთი ბეგიაშვილი.
ცნობისთვის, მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, დარინა მიქელაძის პოსტს, რომლითაც მან აქონდროპლაზიის მქონე მცირეწლოვნებს დასცინა.