ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თამარ იოსელიანის თქმით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
"China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 2026 წლის ივლისიდან China Eastern თბილისის მიმართულებით შანხაიდან ავიამიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2027 წლიდან China Eastern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას გაზრდის.
"იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავიამიმოსვლა წარმატებულია და ძალიან მოთხოვნადია, China Eastern-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, რაც დადებითად შეფასდა. მომავალი წლიდან დაემატება სიხშირეები და შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.