04 ნოემბერი 2026,   22:46
ვრცლად
სარფში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა - დაკავებულია ორი პირი

მაისურის ქვეშ დამალული 72 კაფსულა "ლირიკა" საქართველოს მოქალაქემ თურქეთიდან შემოიტანა - 44 წლის მამაკაცმა საზღვარი ფეხით გადმოკვეთა, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, საეჭვო მგზავრი მალევე სპეციალურ სივრცეში გადაიყვანეს, გაჩხრიკეს და ხელბორკილები ადგილზევე დაადეს.

აღკვეთილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გავრცელების კიდევ ერთი ფაქტი - სარფში, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო პროცედურების ჩატარების დროს, სპეციალურ სკანერზე საეჭვო ხელბარგი აღმოაჩინეს, რომელშიც 62 აბი "ტრამადოლი", 21 კაფსულა "ლირიკა" და 72 ცალი ფსიქოტროპული საშუალება - "ფსევდოეფედრონი" იყო დამალული. ჩანთა 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნოდა.

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. რა ფორმით უნდა გაევრცელებინათ ნარკოტიკი საქართველოში და ჰქონდათ თუ არა დაკავებულებს დანაშაულებრივი კავშირი სხვა პირებთან - ამის დასადგენად სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატარებს. რეალიზატორებისა და რეალიზაციის ხელშემწყობი პირების დასაკავებლად, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები