საერთაშორისო კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი მედიასთან იმ ღონისძიების დეტალებზე საუბრობს, რომელსაც ხვალიდან თბილისი უმასპინძლებს. როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ინტერესები და რა როლი ექნება ნეიტრალიტეტს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში - ეს ის საკითხებია, რომელზეც ხვალიდან, ორი დღის განმავლობაში, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელებენ.
ფორუმის ფარგლებში, განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა, ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკური კურსი და რეგიონში მშვიდობის პერსპექტივები იქნება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მიზანი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ამ საკითხებზე მსჯელობა და შეხედულებების გაზიარებაა.
საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები და პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები - ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი სპიკერი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ. მოწვეული სტუმრები, დისკუსიის ფარგლებში, საკუთარ შეხედულებებსა და გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
საერთაშორისო ფორუმი, რომელიც რამდენიმე თემატურ პანელს აერთიანებს, ხვალ ოფიციალურად დაიწყება. მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს როლსა და სხვა აქტუალურ თემებზე მსჯელობა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი