ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნა. ბოლო მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში 54, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში 240 მანდატი მიიღეს. დემოკრატი ლიდერები აცხადებენ, რომ ახალი მოწვევის კონგრესის მთავარი პრიორიტეტი ფასების შემცირება, ირანთან ომის დასრულება და ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა იქნება.
რესპუბლიკური პარტიის მარცხის მთავარ მიზეზად ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანთან მიმდინარე რვათვიანი ომი დაასახელა. შეფასებას ნაწილობრივ დაეთანხმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი განცხადებით, კონფლიქტმა საწვავის გაძვირება გამოიწვია, რამაც ამომრჩევლის განწყობაზე იმოქმედა, თუმცა პრეზიდენტი სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას კვლავ ამართლებს.
არჩევნების შედეგებსა და ახლო აღმოსავლეთში შესაძლო დეესკალაციის მოლოდინს უკვე მოჰყვა რეაქცია საერთაშორისო ბირჟებზე - ნავთობის ფასი თითქმის 9 პროცენტით დაეცა და ბარელზე 95-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.
"ომმა მოკლევადიან პერიოდში ბენზინის ფასი გარკვეულწილად გაზარდა. ეს, ალბათ, მართლაც ასეა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია.
ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს ყველაფერი, რასაც ახლა ხედავთ, აღარ იარსებებს. შესაძლოა, ჩვენმა ქვეყანამაც აღარ იარსებოს. დემოკრატებთან ვითანამშრომლებ, თუ ისინი ქვეყნისთვის საზიანოდ არ იმოქმედებენ. ვეტოს უფლებაც მაქვს. თუ მათი გადაწყვეტილებები არ მოგვეწონება, ვეტოს გამოვიყენებთ", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.