05 ნოემბერი 2026,   04:04
ვრცლად
მსოფლიო ბრენდი Cipriani ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში 43-სართულიანი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ბათუმში Cipriani Batumi-ს ახალი პრემიუმ კლასის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 43-სართულიანი კომპლექსი "ორბი ჯგუფისა" და ბლოკ ჯგუფის" ერთობლივი პროექტია, რომელიც მოიცავს მაღალი კლასის სასტუმროსა და საცხოვრებელ რეზიდენციებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმისა და აჭარის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

"მიხარია, რომ ამ მასშტაბური და მართლაც უნიკალური პროექტის წარდგენას ვესწრებით დღეს, ბათუმში. დღეს ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს უმაღლესი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს, Cipriani Batumi-ს. ეს შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და ის მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, დღეს, ბათუმშიც იქნება მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის არის, ნამდვილად, საამაყო მოვლენა.

ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს. ამავდროულად, ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საიმედო და მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამის დასტურია ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სათანადო ეკონომიკური ტენდენციების გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3 % და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას," - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ბათუმის შემთხვევით არ შერჩეულა.

"საქართველო მსოფლიო დონის ბიზნესისთვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ პლატფორმად იქცა. ამავდროულად, აჭარა ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდული კომპანიებისათვის. ამ ყველაფერს ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი კურსი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამ პროექტის განსახორციელებლად ბათუმის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. დღეს ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ცნობადობა, ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანი არის ინვესტორებისათვის. სწორი კოორდინაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითი არის," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

რაც შეეხება "Cipriani"-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯუზეპე ჩიპრიანის განცხადებას, მათი მიზანია ბათუმში შეიქმნას დასასვენებელი ადგილი, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს ადამიანებს.

"თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ჩვენ, Cipriani-ს ვცდილობთ, მარტივი ფილოსოფია რეალობად ვაქციოთ. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ იგივე სულისკვეთება ბათუმში შემოგვაქვს. Cipriani-ს რეზორტი წარმოადგენს იმაზე უფრო მეტს, ვიდრე ეს არის უბრალოდ სტუმარმასპინძლობის პროექტი. ეს არის ჩვენი თავდადების და რწმენის გამოხატულება საქართველოში, რომ შევქმნათ ბათუმში ძალიან ამბიციური, დასასვენებელი ადგილი, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს ადამიანებს," - აღნიშნა "Cipriani"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯუზეპე ჩიპრიანმა.

ღონისძიებას, ასევე, ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდა რონალდინიო ესწრებოდა, რომელიც, სიმბოლურად, პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება.

დღის ამბები