20 სექტემბერი 2026,   23:15
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე"დებატების სტუდიის კარი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციებისთვის ისევ გაიხსნა - არხი, საიდანაც განსხვავებული აზრი ყოველთვის ისმის

ახალი სეზონი და პირველი გადაცემა - დებატების სტუდიის კარი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციებისთვის ისევ გაიხსნა. "რუსოფობია - რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი " - რეზი ჭიჭინაძის სტუმრები სტუდიაში, ამ თემაზე სასაუბროდ მოვიდნენ, თუმცა თემიდან ბევრჯერ და ბევრმა გადაუხვია. მეტიც, ხელისუფლების ოპონენტებს არც ბრალდებები დაუშურებიათ, მაგრამ მათ დეფიციტში არგუმენტები აღმოჩნდა. მაგალითად კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეუთოს ანგარიშში გაყალბებულ არჩევნებზეა საუბარი. ხელისუფლებამ მტკიცებულება მოითხოვა, ზაქარეიშვილმა კი პირობა დადო, რომ მათ ამ ჩანაწერს გაუგზავნიდა.

პაატა ზაქარეიშვილის ძლიერი მხარე არც ზუსტი მეცნიერების სიზუსტე აღმოჩნდა, თუმცა აღიარა, რომ მისი დასახელებული პროცენტი, არა რეალობა არამედ მისივე რწმენაა. სანამ ზაქარეიშვილი არითმეტიკაში დაიკარგა, ჩვენ ზუსტად დავთვალეთ - ამ გადაცემიდან 6 დღე გავიდა - ამიტომ დავინტერესდით, შეასრულა თუ არა მან დებატების სტუდიაში დადებული პირობა. ვთხოვეთ ეუთოს ის ჩანაწერი, რაზეც გადაცემაში საუბრობდა, თუმცა პოზიციაშეცვლილმა გვითხრა, რომ მეორადი თემები მისთვის საინტერესო არ არის და თავს არც პირობის შესრულებით შეიწუხებს.

ზაქარეიშვილის პირობა რომ რეალობად ვერ იქცეოდა, ამაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებული იყო. ნიკოლოზ სამხარაძე ბრალდებას არგუმენტს უპირისპირებს და აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს, რაც მარტივად გადასამოწმებელია. კანონმდებელი ოპონენტების რეალურ ზრახვებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები, ტყუილებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

არ გაგზავნა თუ ვერ გაგზავნა? გადამოწმება მარტივია: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სხვა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, ეუთო/ოდირიც აკვირდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც არჩევნები კონკურენტუნარიანად გამოაცხადა, ხელისუფლებას არჩეული უწოდა და არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურა.

2024 წლის შემდეგ, იყო 2025, ამჯერად - თვითმმართველობის არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ, ორგანიზაციას ოფიციალური მოწვევა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გაუგზავნა. იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის სტანდარტული პრაქტიკა არ არსებობს და ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, მთავრობამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო, თუმცა ორგანიზაციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი თქვა, უარი კი დაგვიანებული მოწვევით ახსნა. შესაბამისად, ეუთო/ოდირს, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, არც დასკვნა მოუმზადებია.

ბრალდება რომ არგუმენტს მოითხოვს, ამის შეხსენება, გადაცემის მიმდინარეობისას, ხელისუფლებას ოპონენტებისთვის არაერთ საკითხთან დაკავშირებით მოუწია. პაატა ზაქარეიშვილი გამონაკლისი არ ყოფილა. საკუთარი თავის გადამოწმება თავადვე მოუწია ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასაც, რომელიც დახმარებას ხელოვნურ ინტელექტს სთხოვდა.

სტუმრების თვითდაჯერება, მალევე, ტელევიზიის ეკრანს გასცდა და სოციალურ ქსელებში, იუმორისტული ჟანრის ვიდეოების ინსპირაციად იქცა. კონფლიქტოლოგისა და ანალიტიკოსის უარგუმენტო საუბრები ყურადღების მიღმა არავის დარჩენია. იმის მიუხედავად, რომ პაატა ზაქარეიშვილი საკუთარი თავით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მომზადებული იყო, საზოგადოება, სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისას, მათგანაც სერიოზულობას ითხოვს.

არხი, საიდანაც განსხვავებული აზრი ყოველთვის ისმის - "რუსთავი 2-მა" გადაცემა დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა და პოლიტიკურ ოპონენტებს საჯარო დებატები შესთავაზა იმისთვის, რომ მოსახლეობას ყველა კითხვაზე პასუხი მიეღო, თუმცა ფაქტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი თუ კონფლიქტოლოგი საზოგადოებას არათუ კითხვებზე სცემს პასუხს, არამედ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

დღის ამბები